პოლიტიკური სტაბილიზაციის მიზნით სარეიტინგო არჩევნებისა და ამნისტიის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა
საქართველოში 2024 წლის არჩევნების შემდგომ არსებული პოლიტიკური დაძაბულობის, საზოგადოებრივი პოლარიზაციისა და საგარეო ურთიერთობებში წარმოქმნილი სირთულეების გათვალისწინებით, გთხოვთ განიხილოთ სამოქალაქო ინიციატივა, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, ხელს შეუწყობს ქვეყნის პოლიტიკური სტაბილიზაციასა და დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებას.
ინიციატივა მოიცავს ორ ურთიერთდაკავშირებულ საკანონმდებლო ნაბიჯს:
1. პოლიტიკური პარტიების სარეიტინგო არჩევნების ჩატარება
შემოთავაზებულია ჩატარდეს პოლიტიკური პარტიების სარეიტინგო არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიები დამოუკიდებლად, კოალიციების გარეშე. არჩევნების ორგანიზება უნდა უზრუნველყოს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო).
სარეიტინგო არჩევნების ლეგიტიმაციის უზრუნველსაყოფად:
-
მოწვეულ იქნან ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ეუთო/ODIHR;
-
არჩევნების ჩატარების წესი, პირობები და პროცედურები შეთანხმდეს თავად პოლიტიკურ პარტიებს შორის.
პარტიებმა ამომრჩეველს უნდა წარუდგინონ:
-
ქვეყნის სტრატეგიული განვითარების პროგრამა;
-
პრეზიდენტობის, პრემიერ-მინისტრობისა და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატები.
სარეიტინგო პარტიის სტატუსი მიენიჭოს იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც მიიღებენ არანაკლებ 30 000 ხმას. თითოეული პარტიის რეიტინგი განისაზღვროს მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისად.
არჩევნები ჩატარდეს ქალაქებში, დაახლოებით 100 საარჩევნო უბანზე. აღნიშნული პროცესი არ წარმოადგენს საყოველთაო არჩევნებს — მასში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ნებისმიერ ქალაქში მისცენ ხმა მათ მიერ მხარდაჭერილ პარტიას.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ სარეიტინგო პარტიებმა.
აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული 200-ზე მეტი პოლიტიკური პარტიიდან რეალურად ქმედუნარიანი პოლიტიკური სუბიექტების (დაახლოებით 10–12 პარტიის) გამოვლენას და პოლიტიკურ სივრცეს გახდის უფრო სტრუქტურირებულს, პასუხისმგებლიანსა და პროგნოზირებადს.
2. ამნისტიის შესახებ კანონის მიღება
სარეიტინგო არჩევნების დანიშვნის პარალელურად, მიზანშეწონილად მიმაჩნია პარლამენტმა მიიღოს ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც შეეხება 2024 წლის შემდეგ მიმდინარე საპროტესტო პროცესებთან დაკავშირებულ პირებს. აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეამცირებს სოციალურ დაძაბულობას და შექმნის ნდობის აღდგენის წინაპირობას სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის.
ვფიქრობ, ამ ორი ინიციატივის ერთობლივი განხორციელება:
-
შეამცირებს პოლიტიკურ დაძაბულობას და შეაჩერებს პროტესტებს;
-
პოლიტიკურ პარტიებს კონსტრუქციული საარჩევნო მზადებისკენ მიმართავს;
-
გაამარტივებს საქართველოს დიალოგს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან;
-
გააძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს საერთაშორისო დონეზე.




